ლიეტუვას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება სურს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა BBC-ს განუცხადა. ტელეკომპანიის შეფასებით, ეს იმის ნიშანია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც ცდილობენ.
2019 წელს ლიეტუვამ რუსეთიდან ნავთობის, დაახლოებით, 63% მიიღო. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, ეს მაჩვენებელი მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყნის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნავთობის გარდა, ლიეტუვა რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაზეც მუშაობს. ქვეყანამ თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) საკუთარი ტერმინალი, Independence-ც გახსნა. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაღალაია.
ევროკავშირმა, რომელიც რუსეთიდან გაზის, დაახლოებით, 40%-ს იღებს, განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ორი მესამედით შეამცირებს დამოკიდებულებას საწვავის ამ წყაროზე.