რომის პაპმა ფრანცისკემ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ვიდეოკონფერენციისას უკრაინის ომი განიხილეს.
მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული კრიზისის ჰუმანიტარულ ასპექტებს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკე ეკლესიის ქმედებებს მისი შედეგების დასაძლევად“.
მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას.
ვატიკანის განცხადების თანახმად კი, საუბარი შეეხო "უკრაინის ომს და ქრისტიანებისა და მათი პასტორების როლს ყველაფრის გაკეთებაში, რაც შესაძლებელია, რათა მშვიდობა დამყარდეს“.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პატრიარქი კირილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, ამართლებს ოფიციალური მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში და ცდილობს წარმოაჩინოს ომი, როგორც „დეკადენტური“ დასავლეთისგან დაცვად.
ვატიკანის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ პონტიფიკოსმა უკუაგდო შეჭრის, როგორც "წმინდა ომად" გამართლება და აღნიშნა, რომ "დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვისაუბროთ".
პაპმა ფრანცისკემ რუსეთის სულიერ ლიდერთან საუბრისას ისიც დასძინა, რომ „ეკლესიამ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკის ენა, არამედ იესოს ენა”.
„ჩვენ ვართ იმავე წმიდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის: ამისათვის ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ძალისხმევით, რათა დავეხმაროთ მშვიდობას, დავეხმაროთ დაზარალებულებს, ვეძიოთ მშვიდობის გზები ცეცხლის შესაჩერებლად“, - უთხრა რომის პაპმა რუსეთის პატრიარქს.
პაპსა და პატრიარქს შორის გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე აგრეთვე მონაწილეობდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარონ ალფეევი და წმინდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი.