ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 302,484 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 26,377 მლნ დოლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.127 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25.635 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.825 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 26.023 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის იანვრის მონაცემებს, საგარეო ვალი 8.101 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 24.726 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 814,669 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.217 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.866 მლრდ დოლარს აჭარბებს.