2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი ანუ 551.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.7%-ით ანუ 22 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 80.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.