2021 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 245 100-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 412 000 ერთეული შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 36.7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მონაცემზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 43.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 11.5 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11.3 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
საქსტატის ცნობით, 2021 წელს ვიზიტების უმრავლესობა - 46.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ამასთან, საანგარიშო პეროდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.