ზაზა შენგელია „ფეისბუკზე“ პოსტს ავრცელებს და სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერლ კლიპს აქვეყნებს. „We Stand Together“, ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. მისი ავტორი, ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი, ლუა, იგივე ქეთათო ნერგაძეა.
„რამოდენიმე დღის წინ “ბრავო რექორდსმა” უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პროექტი დააანონსა. დღეს წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ლუას (ქეთათო ნერგაძე) სიმღერას: “We Stand Together”, რომელიც 4 და 5 მარტს ჩაიწერა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების და გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ ჩვენს სტუდიებში. სიმღერის ჩაწერაზე მუშაობისას, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა, ტექნიკურმა პერსონალმა და “ბრავო რექორდსის” თანამშრომლებმა უდიდესი ემოცია ჩადეს სიმღერისა და ვიდეოკლიპის შექმნაში, რითაც სურდათ აღფრთოვანება, თანადგომა და სიყვარული გამოეხატათ ჩვენთვის ასე ახლობელი, თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლი გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პროექტის ფარგლებში მოზიდული თანხა გადაეცემა უკრაინის “წითელ ჯვარს”. ვიდეოკლიპში მითითებულია “წითელი ჯვრის” საბანკო ანგარიშის ნომერი. ნებისმიერი თანხა, ერთი ლარიც კი, რომელსაც თქვენ გაიღებთ, მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ტკივილის შესამსუბუქებლად. Слава Україні!“, – ნათქვამია ზაზა შენგელიას პოსტში.