უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 მარტს სამი რუსული თვითმფრინავი, ვერტმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავი დაუდგენელი ტიპის არის, ორი კი - სუ-34 ტიპის გამანადგურებელია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, ომის მეოცე დღის ბოლოს, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს თავიანთი ამოცანების შესრულება, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევა და სხვა.