რა მოცულობის საწვავს ყიდულობს საქართველო რუსეთში - Palitra News

რა მოცულობის საწვავს ყიდულობს საქართველო რუსეთში

2022-03-10 08:17:52+04:00

დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარს ამბობენ და მათ იმპორტს წყვეტენ, ევროკავშირმა კი დაანონსა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვებს წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველო, სადაც იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 19%-ზე მეტი რუსეთზე მოდის, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.