ინდონეზიის ახალ დედაქალაქს, რომელიც ჯაკარტადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ კალიმანტანზე გადაინაცვლებს, ნუსანტარა დაერქმევა, რაც „არქიპელაგს" ნიშნავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული განვითარების დაგეგმვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია Channel NewsAsia (CNA) ავრცელებს.
მისი თქმით, ეს სახელი იმიტომ შეირჩა, რომ მას დიდი ხანია, მსოფლიო იცნობს. გარდა ამისა, სახელი მარტივია და ინდონეზიას, როგორც არქიპელაგს ახასიათებს.
ინდონეზიის პრეზიდენტმა 2019 წელს გამოაცხადა, რომ დედაქალაქი ჯაკარტადან გადაინაცვლებს, რადგან ქალაქი მოსახლეობით გადატვირთულია და თანდათან იტბორება. Uber-ის კვლევის მონაცემებით, ჯაკარტას მძღოლები წელიწადში 22 დღეს საცობებში ატარებენ, რაც აზიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.