იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის მიუხედავად 2021 წელს 11 იახტა გაყიდა. Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მფლობელები ქართველები არიან. რაც შეეხება ღირებულებას, მინიმალური ფასი 300 000 ევრო, მაქსიმალური კი 3.3 მლნ ევროა.
Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2022 წელს იახტების გაყიდვის გარდა, კომპანია გაქირავების სერვისსაც ამატებს და ამ მიზნით 2 მაღალი კლასის იახტის შემოყვანას აპირებს.
ცნობისთვის, Azimut Yachts-ი იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.