ბარბადოსმა დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და რესპუბლიკა გახდა. დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავზე, ქვეყნის დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ღონისძიებაზე დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.
ხელისუფლების ოფიციალური ცვლილების აღსანიშნავად, ბრიტანეთის სამეფო დროშა საზეიმოდ დაეშვა.
გასულ თვეში ბარბადოსი პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, არჩეულ პრეზიდენტად 72 წლის დემ სანდრა მეისონი დასახელდა, რომელიც 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა. ბარბადოსმა რესპუბლიკად გადაქცევის გეგმა შარშან დააანონსა.
ბარბადოსი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 285 000-ს შეადგენს, კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და წარმატებული კუნძულია. ინგლისელებმა კუნძული პირველად 1627 წელს დაიკავეს და ის ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. ქვეყანა სრულად დამოუკიდებელი 1966 წელს გახდა.