ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.
განკარგულების თანახმად, ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შედეგად, სწორედ 1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
კერძოდ, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში ე. წ. მოლებში, ბაზრებში და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში.
თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენს აგრარული ბაზარი, სასურსათო მაღაზიები, სურსათის/ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხება იმ ობიექტებს, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.