პურის საცხობები, თონეები, საშაურმეები, სურსათის მაღაზიები - რამდენ ობიექტში დაადგინა სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა - Palitra News

პურის საცხობები, თონეები, საშაურმეები, სურსათის მაღაზიები - რამდენ ობიექტში დაადგინა სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა

2021-11-11 08:42:31+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, მონიტორინგის ფარგლებში, აიღეს და ლაბორატორიულად გამოიკვლიეს სურსათისა და სასმელი წყლის 650-მდე ნიმუში/სინჯი - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობა 78 ბიზნეს ოპერატორს დაუდგინდა. 650 აღებული ნიმუშიდან, 78 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დადგინდა. მათგან, ყველაზე მეტი პურის საცხობი, თონე, საშაურმე და სურსათის მაღაზიაა. ასევე, ჩამონათვალშია რესტორნები, კაფე-ბარები, ცხოველთა სასაკლაოები, ხორცის სარეალიზაციო მაღაზიები, საცხობები, სასტუმროს სამზარეულოები, მზა კერძების წარმოება და სხვა ობიექტები.

კრიტიკულ შეუსაბამობებში კი, ძირითადად წერია, რომ - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ან არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია. ასევე დარღვევებს შორისაა კონდენსანტის წარმოქმნა, არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია.

ინფორმაციისთვის, კრიტიკული შესაბამისობის შემთხვევაში სანქცია 1 000 ლარიანი ჯარიმა და შეუსაბამობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებაა.