2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, წელს 10 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 770-მა მოქალაქემ მოითხოვა. მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 3 279 მოქალაქეს აქვს დაწერილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52.3%-ით მეტია.
მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკით, მთლიანად 2021 წლის 10 თვეში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 150 332-მა მოქალაქემ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან. 2020 წელს ჩამონათვალში საქართველო მე-10 ადგილზე იყო, წელს კი რეიტინგში უკვე მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა.
ამასთან, ოფისის სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 393-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 3%-ია.