შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება „სამივე ქვეყანასთან ორმხრივი საკითხების განსახილველად და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად.“
ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, გააძლიერონ ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.
„მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან შედეგად გამოწვეული ყველა გადაუჭრელი საკითხისთვის,“- აღნიშნულია განცხადებაში.