„დელტას“ ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“ გაიხსნა, რომელიც ადგილზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება.