ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან - 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი.
თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ თანხას, ქვეყანამ დენი ყველაზე ძვირად რუსეთში შეიძინა და ერთი კვტ.სთ საშუალოდ 5.5 ცენტი დაუჯდა. 2017-2020 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობიდან და ღირებულებიდან კი ჩანს, რომ ქვეყანა წლიურად ერთ კვტ.სთ ელექტროენერგიას საშუალოდ 4-5.1 ცენტად ყიდულობს.
ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნული მონაცემი, ანუ ტარიფი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლიდან და არ ასახავს დღის/ღამის და უქმეების ტარიფს.