ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ, რომელიც შეერთებული შტატების ყველაზე ახალგაზრდა და პირველი კათოლიკე პრეზიდენტი გახდა, საკმაოდ მძიმე პერიოდში ჩაიბარა ქვეყნის მმართველობა, რადგან გასული საუკუნის 60–იანი წლების მოვლენებმა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორია, შემდგომი განვითარება განსაზღვრეს.
როგორც ჩანს, ჯონ კენედის პოლიტიკური ბედი წინასწარვე იყო განსაზღვრული, რადგან მისი წინაპრები ოდითგანვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმული. ჯონის ერთმა ბაბუამ – ჯონ ფრენსის ფიცჯერალდმა, იშვიათი ორატორული ნიჭით დაჯილდოებულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სამჯერ გახდა ქალაქ ბოსტონის მერი, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მასაჩუსეტსის შტატის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის სახელი. მეორემ – პატრიკ ჯოზეფ კენედიმ კი, რომელმაც 14 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, ჯერ ბარებისა და სასაუზმეების მცირე ქსელი გამართა, მერე ალკოჰოლისა და ნახშირის კომპანია დააარსა, უკვე წარმატებული მეწარმე და საზოგადო მოღვაწე კი, მასაჩუსეტსის შტატიდან იქნა არჩეული წარმომადგენელთა პალატაში. სხვათა შორის, სწორედ მან უწინასწარმეტყველა შვილიშვილს ამერიკის პრეზიდენტობა.