ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების და სესხების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასულ თვეს საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 40 მილიარდ 70 მილიონ ლარს მიაღწია.
სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478 მილიონ 450 ათასი ლარით ანუ 1.21%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343 მილიონ 290 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135 მილიონ 170 ათასი ლარით გაიზარდა.
2021 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.09%-ით, ანუ 216 მილიონ 310 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის 20 მილიარდ 90 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.02 პროცენტი შეადგინა, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით მეტია პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით.