მართალია, ახალგაზრდა პრინცესას რომანტიკულმა ისტორიამ, რომელიც იტალიის დედაქალაქში მოგზაურობისას, სასახლიდან იპარება და სიმპათიურ ჟურნალისტთან ერთად აწყობს "რომაულ არდადეგებს", „ოსკარის“ სამი პრემია დაიმსახურა და წარმატებულ დებიუტად იქცა ახალბედა ოდრი ჰეპბერნისთვის, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უილიამ უაილერის ფილმი ნამდვილი შედევრი გახდებოდა და ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნებდა საკულტოს სტატუსს.
პრინცესა ანას "რომაული არდადეგები" საელჩოდან გაპარვით იწყება, სადაც მისი დელეგაცია შეჩერდა. სინამდვილეში, საელჩო პალაცო ბარბერინიში ხელოვნების ნაციონალურ გალერეაში მოეწყო, ნახატების ცნობილმა კოლექციამ კი, მდიდრული დეკორაციის როლი შეასრულა საზეიმო მიღების ეპიზოდში.
სასახლიდან პრინცესა რომის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - კოლიზეუმის სანახავად გაიპარა, რომელიც იმპერატორის ფორუმთან ერთად, დღემდე რომის იმპერიის დიდებასა და ძლევამოსილებას განასახიერებს. სწორედ გრანდიოზულ ფორუმთან, სკამზე იპოვა ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩაძინებული პრინცესა, რომელიც საკუთარ ბინაში წაიყვანა მისამართზე Via Margutta, 51–ში.