ჩრდილოეთ კორეა ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავებით უზრუნველყოფის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებს და ამ გადაწყვეტილებას „უკიდურესად არასასურველ და სახიფათო“ ქმედებად აფასებს. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა მედიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას შორის მიღწეული შეთანხმება "უკიდურესად არასასურველი და სახიფათო ქმედებაა“, რომელიც დაარღვევს სტრატეგიულ ბალანსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში". მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება "ბირთვული შეიარაღების რბოლის ჯაჭვი" გამოიწვიოს. “ჩრდილოეთ კორეა მიიღებს შესაბამის საპასუხო ზომას, თუკი ეს ნაბიჯი თუნდაც მცირე უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ჩრდილოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ამბების განყოფილების უფროსმა კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოს.