კენგურუ - მართალია, მსოფლიო ფაუნა არასდროს უჩიოდა უჩვეულო და ეგზოტიკური ეგზემპლარების სიმცირეს, მაგრამ უნიკალური კენგურუს გარეშე ალბათ ძალიან უინტერესო იქნებოდა ცხოველთა სამყარო. უმსხვილესმა ჩანთოსანმა ძუძუმწოვარამ, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა მშობლიურ ავსტრალიაში არა მხოლოდ ფულის კუპიურები, არამედ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების დროშაც დაამშვენა, ქვეყნის ღერბზე კი, ავსტრალიის კიდევ ერთ ენდემიკთან – ემუსთან ერთად მოხვდა და მხოლოდ წინ მოძრაობის თავისებურების წყალობით იქცა ავსტრალიის პროგრესის და განვითარების სიმბოლოდ.
სახელი კენგურუმ, რომლის სავიზიტო ბარათად ჩანთა ითვლება, ავსტრალიელი აბორიგენებისგან მიიღო, პირველი ევროპელი კი, ვინც ცხოველი ნახა ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს კუკი იყო, რომელიც ისე დააფრთხო მდედრი კენგურუს ჩანთიდან თავამოყოფილმა ნაშიერმა, რომ უცნაური ცხოველი ორთავიან ურჩხულად მიიჩნია.
* გარეგნული მახასიათებლები -
კენგურუსებრთა მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელიც გაბარიტებით განსხვავებულ 70–მდე სახეობას, მათ შორის მცირე ზომის ვირთხისებრთა კენგურუს, ვალაბისა და ვალარუს აერთიანებს, მხოლოდ ავსტრალიასა და ტასმანიში, პაპუა-ახალი გვინეისა და ბისმარკის არქიპელაგზე ბინადრობს.
განსაკუთრებული პოპულარობით ნათესავებს შორის ყველაზე მასიური, ე.წ. ჩვეულებრივი კენგურუ სარგებლობს, რომლის წონა ხშირად 100 კილოგრამს, სიმაღლე კი, 2 მეტრს აღწევს. ცხოველს მოკლე, თუმცა ხშირი წითური ან მურა–ნაცრისფერი ბეწვი და ტანთან შედარებით არაპროპორციულად პატარა თავი, ვიწრო მხრები და გრძელი სქელი კუდი, კარგად განვითარებული ქვედა და შედარებით სუსტი ზედა თათები აქვს ხუთი თითით, რომელიც ძალიან მიუგავს ადამიანისას.
არასტანდარტულმა აგებულებამ არა მხოლოდ კენგურუს უჩვეულო გარეგნობა, არამედ ზამბარისებრი ნახტომით გადაადგილების უნიკალური სტილი განსაზღვრა, თუმცა, სწორედ მასიური კუდი და თათები არ აძლევს ცხოველს უკან მოძრაობის საშუალებას.
ზრდასრული კენგურუს ნახტომი ხშირად სიგრძეში 12 მეტრს, სიმაღლეში კი – 3 მეტრს აღწევს, თუმცა, მდევრისგან გაქცეულ ცხოველს 10–მეტრიანი ბარიერის დაძლევაც შეუძლია. მართალია, საფრთხის მოახლოების შემთხვევაში ცხოველი საკმაოდ სოლიდურ - 50-60 კმ/საათის სიჩქარეს ავითარებს, რაც მსუბუქი ავტომობილისთვის ქალაქში დაშვებულ ნორმას უტოლდება, მაგრამ მუდმივად ხტუნვა საოცრად დამღლელი და მომქანცველია, ამიტომ სიჩქარის აკრეფის შემდეგ, კენგურუ მხოლოდ 10 წუთი ინარჩუნებს სწრაფ ტემპს, მერე კი, ძალიან იღლება.
აღსანიშნავია, რომ კუდი, რომელსაც თათებზე დგომისას ცხოველი საყრდენად იყენებს, რადგან ერთის მხრივ, ტანს იჭერს ვერტიკალურად, მეორეს მხრივ კი, სირბილით დაღლილს კუნთების მოდუნების და დასვენების საშუალებას აძლევს, ხტუნვისას ერთგვარი ბალანსირის ფუნქციას ასრულებს და კენგურუს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მეტოქესთან ბრძოლისას ცხოველი ქვედა კიდურებით ასრულებს უძლიერეს დარტყმებს და ხშირად ძვლებსაც უმტვრევს მოულოდნელად თავსდამტყდარ მტერს, ზედა ნაკლებად განვითარებულ თათებს ბასრი ბრჭყალებით კი, ხის ფესვების და მცენარის წვნიანი ღეროების ამოსათხრელად ან ბეწვის დასავარცხნად იყენებს.
ქვედა კიდურების თათებზე ცხოველს ოთხი თითი აქვს, რომელთაგან მეორე და მესამე აპკითაა გაერთიანებული, მეოთხე კი, ბრჭყალით ბოლოვდება და ერთგვარი კაუჭის ფუნქციას ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, კენგურუს არ შეუძლია ქვედა კიდურების თანმიმდევრულად გადადგმა, ამიტომ მხოლოდ ნახტომით გადაადგილდება ორივე თათის ერთდროულად მიწაზე კვრით.
კარგი მხედველობის მიუხედავად, კენგურუ მხოლოდ მოძრავ ობიექტზე რეაგირებს, თუმცა მასიური ყურების წყალობით, რომელთაც ყველა მხარეს ატრიალებს ჩინებული სმენა აქვს და შორ დისტანციაზეც უშეცდომოდ ცნობს ნათესავების განგაშის სიგნალს. მტვრისგან კენგურუს თვალებს სქელი გრძელი წამწამები იცავს, საკმაოდ უხეშ მცენარეულ საკვებს კი, ფართო კბილებით ღეჭავს, რომელთაც მოცვეთისთანავე აღიდგენს, თუმცა ოთხივე წყვილის ერთდროულად გაცვეთის შემთხვევაში ცხოველს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
* ცხოვრების წესი -
კენგურუ – სოციალური ცხოველია, რომელიც ყოველთვის კოლექტიური ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას. ჩანთოსანი მცირე ოჯახს ქმნის მამრის, რამდენიმე მდედრისა და მათი ნაშიერის შემადგენლობით, ან მსხვილ ჯგუფში ერთიანდება 100–მდე ნათესავის კომპანიაში, თუმცა ცხოველები არასდროს ირჩევენ წინამძღოლს, რასაც ზოოლოგები ცხოველის პრიმიტიულობით და სუსტად განვითარებული ინტელექტით ხსნიან.
მწირი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, თვითგადარჩენის ინსტინქტს კენგურუ არასდროს უჩიოდა, ამიტომ თვისტომის მინიშნებაც საკმარისია მოახლოებული საფრთხით დამფრთხალი ცხოველების ერთიანად დასაფანტად. განგაშის სიგნალს ცხოველი მიწაზე თათების ძლიერი დარტყმით ან უცნაური ხმით გადასცემს, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის ხველას.
კენგურუ იშვიათად იწუხებს თავს თავშესაფრის ძიებით და მხოლოდ ბუდეს იკეთებს ბალახისგან. ცხოველს ლაღად ცხოვრება ურჩევნია, მით უფრო, რომ მტერიც ნაკლებად ჰყავს, რადგან მხოლოდ ველური ძაღლი – დინგო ემტერება. მართალია, ჩანთოსანი ყოველთვის ღირსეულად პასუხობს მეტოქეს, მაგრამ განსაკუთრებულ გამბედაობით მაინც ვერ დაიკვეხნის, რადგან დაპირისპირებას და ბრძოლაში ჩაბმას, ისევ გაქცევა ურჩევნია. თუმცა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ყოველთვის თავგანწირვით იბრძვის და უძლიერესი დარტყმების სერიასაც გამეტებით ასრულებს. სხვათა შორის, ავსტრალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს კენგურუების ორთაბრძოლები. უჩვეულო სანახაობა, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, დღეს მთელი ინდუსტრიაა თავისი ფსონებითა და ტოტალიზატორებით.
მართალია, კენგურუს ძალიან მოსწონს ადამიანთან ურთიერთობა და პატარა ქალაქის გარეუბნებში მოწყობილ ფერმებსაც ინტენსიურად სტუმრობს, სადაც უხვად უმასპინძლდებიან საკვებით, მაგრამ მაინც არ ღირს მასთან გაშინაურება, რადგან მოფერების ნებისმიერ მცდელობას თავდასხმად აღიქვამს და თვითონაც შეტევაზე გადადის.
* კვების რაციონი -
ცხოველის კვების რაციონს მხოლოდ მცენარეული საკვები შეადგენს. მცოხნელთა ჯგუფის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ბალახის მჭამელი კენგურუც ორჯერ ღეჭავს საკვებს, როცა უკან ამოაქვს ერთხელ უკვე დაღეჭილი და მეორედ ამუშავებს, მის კუჭში დაბუდებული ბაქტერიები კი, საკვების გადამუშავებას ამსუბუქებენ.
წყალს ჩანთოსანი იშვიათად სვამს და ზოგჯერ მთელი თვე შეუძლია სითხის გარეშე გაძლება, რადგან წყურვილს მეტწილად მცენარეების, გვალვის დროს კი, ხის ქერქის წვენით იკლავს. სადილობისას ცხოველი პრაქტიკულად ერთიანად წვება მიწაზე და ტანიც ჰორიზონტალურად უჭირავს, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მათ შორის ძილის დროსაც კი, მისი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობას ინარჩუნებს.
* გამრავლება -
კენგურუ, რომელსაც არ აქვს მკაცრად განსაზღვრული რომანტიკული სეზონი, მთელი წლის მანძილზე აქტიურად მრავლდება. პარტნიორის გულის მოსაგებად მამრები ან რიტუალურ ბრძოლებს მართავენ ან ფესვიანად გლეჯენ ბალახს და სწორედ ძალის დემონსტრირებით ცდილობენ შეთვალიერებული მდედრის მოხიბვლას, რომლის მაკეობა მხოლოდ 20–40 დღე გრძელდება.
სხვა ჩანთოსნების მსგავსად, კენგურუს ნაშიერიც განუვითარებელი იბადება და მოგვიანებით დედის ჩანთაში ყალიბდება. ახალშობილი კენგურუ, რომელსაც არც თვალები აქვს, არც ყურები და მხოლოდ ნესტოები ამჩნევია, სულ რაღაც 5 გრამს იწონის და ძალიან ჰგავს ჭიაყელას. პატარა კენგურუს თანდაყოლილი ინსტინქტი უბიძგებს აცოცდეს დედის ბეწვზე, ჩაძვრეს ჩანთაში და მაგრად ჩაებღაუჭოს ძუძუს. რა თქმა უნდა, ახალშობილი სრულად მოკლებულია ორიენტაციის უნარს, ამიტომ იმ გზას მიუყვება, რომელიც დედამ გაუკვალა საკუთარი ბეწვის ლოკვით.
აღსანიშნავია, რომ მდედრი კენგურუ, რომლის ორგანიზმი ერთგვარ ინკუბატორს ჰგავს, მეტად უჩვეულო რეპროდუქტული შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. მდედრი მემკვიდრის შეძენისთანავე იწყებს ახალი პარტნიორის ძიებას, ემბრიონი კი, თითქოს აჩერებს განვითარებას და ერთგვარი "მოლოდინის რეჟიმში" ელის სიგნალს, რომელიც დედის ჩანთის განთავისუფლებას აუწყებს. ამგვარად, კენგურუს ერთდროულად სამი ნაშიერი შეიძლება ჰყავდეს – უფროსი, რომელმაც უკვე დატოვა ჩანთა, უმცროსი, რომელიც ჩანთაში გადის ფორმირების ეტაპს და ემბრიონი, რომელიც თავის რიგს ელის. სხვათა შორის, "ჯადოსნურ" ჩანთას მხოლოდ მდედრი კენგურუ ფლობს, რომელსაც თავადვე მართავს. ცხოველი კუნთების შეკუმშვით ხსნის და ხურავს ჩანთის ნაკეცს, რათა პატარა არც წვიმაში დასველდეს, არც უჰაერობით გაიგუდოს.
მდედრი კენგურუ, რომელმაც "თავდადებული დედობით" გაითქვა სახელი, საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მშობელია. ცხოველი არა მხოლოდ ჩანთაში დაბინავებულ ნაშიერს უვლის, არამედ უკვე წამოზრდილებსაც მეურვეობს, ყველას ერთნაირად კვებავს და იმ შემთხვევაშიც აძლევს უფროსებს ჩანთაში ჩაძრომის უფლებას, თუ იქ მცირეწლოვანი და–ძმა ბინადრობს, მდევარს გაქცეული კი, შეუმჩნევლად აგდებს პატარებს ბუჩქებში და საკუთარ თავზე ყურადღების გადატანით ცდილობს მათ გადარჩენას, მოგვიანებით კი, ბრუნდება და აუცილებლად პოულობს იმ ადგილს, სადაც შვილები დატოვა.