84,8 მლნ ლარის წმინდა მოგება ერთ წელში - Adjarabet-ის პანდემიური 2020 წელი - Palitra News

84,8 მლნ ლარის წმინდა მოგება ერთ წელში - Adjarabet-ის პანდემიური 2020 წელი

2021-08-18 21:28:34+04:00

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში, აზარტული თამაშების კომპანიები, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალშიც ტოპ-10 კომპანიას შორის 6 სწორედ სათამაშო ბიზნესი იყო. მათ შორის, ერთ-ერთი შპს „ავიატორია“ („აჭარაბეთი“). „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორი იყო პანდემიური 2020 წელი იმ ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა ფიზიკურად, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო და კომპანია მხოლოდ ონლაინ ოპერირებდა. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური კაზინოების გაჩერებას კომპანიისთვის ზარალი არ მოუტანია, მეტიც, 2020 წელს „ავიატორს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც. როგორც „ავიატორის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, (გამოქვეყნებულია reportal.ge-ზე) შარშან კომპანიამ 267,974 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. „ავიატორის“ წმინდა მოგება კი პანდემიურ 2020 წელს 84,851 მილიონი ლარი იყო, ეს 8,417 მილიონი ლარით მეტია 2019 წელთან შედარებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს ავიატორმა 2020 წლისთვის ბიუჯეტში 21.9 მილიონი ლარი შეიტანა.