კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრუნო როდრიგესის განცხადებით, პარიზში ქვეყნის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს, რაზედაც პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება. „პასუხისმგებლობას ვაკისრებ აშშ-ის მთავრობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაში, რომლებიც ახალისებენ ამ ქცევას და ძალადობას”, - აღნიშნა როდრიგესმა.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, პარიზის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილებიდან“ ორმა მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა გაჩენილი ცეცხლი მათ ადგილზე მისვლამდე ჩააქრეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კუბის საელჩოებთან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც კუნძულზე მიმდინარე თვეში დაწყებულ უპრეცედენტო ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გამოხმაურებაა.