თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების უშანგი დათუნაშვილისა და ირაკლი წიგნაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულებისთვის ყველაზე მძიმე აღკვეთი ღონისძიების სახის - პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლო პროცესზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს - „ტვ პირველის”- ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულის ირაკლი წიგნაძის ადვოკატი 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. „რუსთავი 2“- ის ოპერატორზე ძალადობისთვის დაკავებული უშანგი დათუნაშვილის უფლებადამცველი ასევე 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.