2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 36,8%-ით.
უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში ქვეყანამ უცხოეთში 4 მილიონ 143 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, აპრილში - 259 მილიონ 600 ათასი კილოვატ-საათი, წინა წლის მაისში კი იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 6 მილიონ 560 ათას კილოვატ-საათს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მაისში საქართველომ ელექტროენერგია მხოლოდ აზერბაიჯანში შეიძინა.
ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეაბილიტირებული ენგურჰესის ხელახლა ამუშავება გახდა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესი რემონტის გამო 3 თვის განმავლობაში გაჩერებული იყო და მხოლოდ 2021 წლის აპრილის ბოლოს ჩაირთო. ახლადგარემონეტებული ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენის მოცულობამ კი 2021 წლის მაისში 403 მილიონ 560 ათასი კილოვატ-საათი შეადგინა, ეს კი წინა წლის მაისთან შედარებით 98,1%-ით მეტია.