ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივით, პარლამენტში ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა.
დადგენილების პროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ წრედ უნდა განისაზღვროს საქართველოში არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები, ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.
როგორც „ლელოში“ განმარტავენ, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თითქმის ყველა საერთაშორისო ანტიკოურფციულ რეიტინგში, ხოლო ელიტურ კორუფციას მზარდ გამოწვევად ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
ცნობისთვის, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.