ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ზენგ გუანი აცხადებს, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევის შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტი აშშ-ს უნდა მიენიჭოს, სადაც უამრავი ბიოლოგიური ლაბორატორია მდებარეობს.
„ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ყველა ობიექტი, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას”, - აღნიშნა ზენგ გუანმა.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ეს განცხადება აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ კვლევის შესახებ კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხუთ შტატში SARS-CoV-2-ით, კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსით, სულ მცირე 7 ადამიანი დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, პანდემიის წარმოშობის საკითხი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. აშშ ვირუსის ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვაზე მიანიშნებს, თუმცა ჩინეთი ამ ვერსიას გამორიცხავს.