ევროკავშირის ლიდერები კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”გამომძიებლებს სჭირდებათ სრული წვდომა იმაზე, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით კი, მსოფლიოს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა მოხდა.
”ჩვენ მოვითხოვთ პროგრესის მიღწევას გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ექსპერტების ხელმძღვანელობით და ჯანმო- ს მოწვევით ჩატარებულ მე-2 ეტაპის კვლევაზე კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისგან,“- აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია და ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”