Ryanair- ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბელარუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობა აეკრძალათ. ევროკავშირის აკრძალვა, რომელიც ბელარუსის წინააღმდეგ დაკისრებული უფრო ფართო სანქციების ნაწილია, ძალაში ცენტრალური ევროპის დროით შუაღამიდან შევიდა. ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავი „ბელავია“ ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან აკავშირებს. ამასთან, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას და გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში დაუშვან. სააგენტო „ევროკონტროლის“ განმარტებით, ამ რეკომენდაციამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 400-მდე სამოქალაქო თვითმფრინავზე, რომლებიც, როგორც წესი, ბელარუსის თავზე ყოველდღე დაფრინავენ.