გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ HBO Max -ზე, ადრეული 2000-იანების საკულტო სერიალის ‘Sex and the City’-ის ახალი ნაწილის გამოსვლა იგეგმება. ეს ყოველივე HBO Max -ის და სარა ჯესიკა პარკერის მიერ, ოფიციალურად დადასტურდა. ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ განვითარდება, თუმცა რაც შეეხება სამანტას პერსონაჟს, ის სერიალის ახალ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ სერიალს გამოაკლდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, Patricia Field, კოსტიუმების დიზაინერი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ‘Sex and the City’-ის, როგორც მოდის საკულტო სერიალად ქცევაში. ქერი ბრედშოუ, გამოგონილი პერსონაჟი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებს, სერიალების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეშენისტაა. ქალს რომელსაც საკუთარი სახლი არ აქვს 40 000 $ ფეხსაცმელებში ხარჯავს. როგორც ცნობილი გახდა, პატრიცია ფილდს კონტრაქტი აქვს Netflix -თან და ამჯერად, მედია გიგანტის პოპულარული შოუს, ‘Emily In Paris’ -ის მეორე სეზონის კოსტიუმებზე მუშაობს. ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, სტერეოტიპების, მითების და რეალობის გაერთიანებაა. მიუხედავად კრიტიკისა, რთულია გავიხსენოთ სატელევიზიო შოუ, რომელმაც პანდემიურ რეალობაში, ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორიც ნეთფლიქსის ახალმა სერიალმა. მაყურებლები სერიალის „ემილი პარიზში“ მეორე სეზონის ნახვას სავარაუდოდ 2021 წლის დეკემბერში შეძლებენ.