კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული. მედიის ცნობით, ისინი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი იმ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელიც 1978 წელს დაიხურა. სპეციალისტები და საგამოძიებო ორგანოები ბავშვების გარდაცვალების დროისა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ. მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის ფაქტს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა და კანადის ისტორიის „სამარცხვინო პერიოდის მტკივნეული მოგონება“ უწოდა. კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ. მათი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო. Kamloops Indian Residential School- ი ასეთი უდიდესი პანსიონი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა და მასში 500-მდე მოსწავლე სწავლობდა.