შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით კი ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია. მისივე განმარტებით, მათი პოზიცია უცვლელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია „ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.
გოლეთიანი შსს-ს მხრიდან დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცვლების" დარბევა ხუთჯერ მოხდა.