ინდოეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა.
BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამ დროისათვის ინდოეთში კორონავირუსის 26 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება და ქვეყანა დაინფიცირებულთა რაოდენობით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
ინდოეთში ეპიდაფეთქება აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში მოხდა. ქვეყნის საავადმყოფოებში საწოლებისა და ჟანგბადის ბალონების დეფიციტი გაჩნდა. მხოლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ინდოეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. გუშინ ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 240 842 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.