ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.
ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებენ ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს.
პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.