საქართველოში, კერძოდ, გურიაში Geonuts Company-მ ავოკადოს ბაღი 6 ჰექტარზე გააშენა. მართალია, კომპანია ჯერ არ არის მზად, დეტალურად ისაუბროს ქვეყანაში ავოკადოს წარმოების სამომავლო პერსპექტივებზე, მაგრამ ისინი ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე მცენარეთა მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც East fruit-ი წერს, მწარმოებლები ხილის პირველ მოსავალს მომავალი წლისთვის მიიღებენ. თუმცა, პირველი ქართული ავოკადოს პლანტაცია სრულ ნაყოფიერებაში მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ შევა.
როგორც ცნობილია, Geonuts Company–მ ავოკადოს ნერგები იტალიის სანერგე მეურნეობისგან შეიძინა. პროდუქტის ჯიშები კი საქართველოს კლიმატური მახასიათებლების გათვალისწინებით შეარჩია.
ცნობისთვის, ავოკადო წლიდან წლამდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ამის მიზეზად კი, მისი განსაკუთრებული შემცველობა სახელდება. ამასთან, ავოკადოს ფასი ყოველ წელს ძვირდება. ბოლო წლებში მისი ღირებულება 129%-ით გაიზარდა.