ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 754 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 22.66 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 246 116 - გარდაიცვალა. ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია, პროზექტურები და კრემატორიუმები კი გადატვირთულია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულზე გაცილებით მაღალია.
„ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია“ ხელისუფლებას სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს. „საჭიროა, სრული, კარგად დაგეგმილი და წინასწარ დაანონსებული „ლოქდაუნი,“ - აცხადებენ ასოციაციაში.
ეკონომიკის დახურვისკენ ინდოეთის ხელისუფლებას თეთრი სახლის მრჩეველმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში ენტონი ფაუჩიმაც მოუწოდა.