საქართველო მოცვის თითქმის მთელ მოსავალს რუსულ ბაზარზე ყიდის, შესაბამისად, ის ვერ გახდება ევროკავშირის ბაზარზე ევროპული მოცვის კონკურენტი - ასე აფასებს East-Fruit-თან საუბრისას ნიდერლანდელი ფერმერების ნაწილი ქართული მოცვის პერსპექტივებს ევროკავშირის ბაზარზე.
მათივე შეფასებით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის მოცვის ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საქართველო მომავალშიც რუსულ ბაზარზე იქნება კონცენტრირებული, სადაც მოთხოვნა ყოველთვის დიდი იქნება და თითქმის მთელ მოსავალს „შეისრუტავს“.
შეიცავს თუ არა კონკურენციის საფრთხეებს ქართული და უკრაინული მოცვის ექსპორტი ევროკავშირის ფერმერებისთვის - ამ საკითხზე პორტალმა EastFruit-მა სოციალურ ქსელ LinkedIn-ის ინგლისურენოვან ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარა. ევროკავშირის მოცვის ბაზარზე საქართველოსა და უკრაინას კონკურენტებად გამოკითხულთა 9% მიიჩნევს. 4%-ისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა მზარდი მათი ექსპორტი. 22% ფიქრობს, რომ ქართული და უკრაინული მოცვის გამოჩენა ბაზარზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. უმრავლესობა - 64% კი მიიჩნევს, რომ მოცვის ბაზარზე მაღალი კონკურენცია პოზიტიური ფაქტორია.
საქართველოში ყოველწლიურად 200-300 ჰექტარი მოცვის პლანტაცია შენდება, რამაც EastFruit-ის მონაცემებით, უკვე ათას ჰექტარს მიაღწია. 2020 წელს საქართველომ, დაახლოებით, 750 ტონა მოცვი მოიყვანა, რომლის 90% ექსპორტზე გავიდა.