ინდოეთში საერთაშორისი სამედიცინო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ჟანგბადის კონცენტრატორი ნიუ-დელის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა. ინდოეთს დახმარებას სხვა ქვეყნებიც დაპირდნენ, მათ შორის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და პაკისტანი.
„გერმანიის მთავრობა სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ინდოეთისთვის დახმარების გაწევა უზრუნველვყოთ. გვსურს, გავაკეთოთ ყველაფერი, რითიც შეგვიძლია, ინდოეთს დავეხმაროთ,“- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ინდოეთში არსებული მდგომარეობა „გულსატკენზე მეტია“.
ინდოეთში რამდენიმე დღეა ყოველდღე კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია. კორონავირუსის „ინდური ვარიანტების“ გავრცელების პრევენციის მიზნით, ინდოეთთან მიმოსვლა შეზღუდა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ირანმა, ქუვეითმა, ტაილანდმა, სინგაპურმა, ბანგლადეშმა და ავსტრალიამ.