საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
France24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ნავალნის „ფუნდამენტური უფლებები“ დაცული იყოს. ამასთან, პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს და ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას მოუწოდა, „უკრაინასთან დაძაბულობის შესამცირებლად კეთილსინდისიერად და მდგრადი გზით იმოქმედოს", განსაკუთრებით უკრაინის საზღვრიდან ჯარისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის გზით.
რუსული მედია კი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა „კიევის პროვოკაციულ ქმედებებს და აღნიშნა, რომ კიევი განზრახ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებებს".