ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია „Caucasus Travel/Georgian Hospitality Group“ მოწვევით საქართველოში აშშ-დან სათავგადასავლო ტურისტული კომპანიების - “Mountain Travel” და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატი იმყოფება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი პრეს-ტურის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით რასელ დაგატი თბილისს, სტეფანწმინდას, ჯუთას, თრუსოს, ანანურს, ატენს, უფლისციხეს, გორს, ქუთაისს, მარტვილს, ზუგდიდს, მესტიას, ბათუმს, გოდერძის უღელტეხილს, ზარზმასა და ვარძიას ეწვია. რასელ დაგატი თბილისში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მაისის თვეში საქართველოში დაგეგმილი პრეს-ტური „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართება. პრეს-ტურის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა.