ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.
სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.