ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა აშშ-სთან კოორდინაციით მოხდება.
„საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში.
დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე"- , წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.