თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი კლინიკებისადმი დაგვიანებული მიმართვაა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ბოლო პერიოდში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში პაციენტები კლინიკებს მიმართავენ მაშინ, როცა მდგომარეობა მძიმეა და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ცერცვაძე მესამე ტალღის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით ამ ეტაპზე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს.
„მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია. თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის“, - წერს თენგიც ცერცვაძე.