ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიუსელშიც გაემგზავრება. მმართველი გუნდის ინფორმაციით, კობახიძე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს შეხვედრას.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვიზიტების ფარგლებში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარმოაჩენენ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად, პოლიტიკურ მხარეებს მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამჟამად სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ოფიციალური ინფორმაციით, კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.