მულტიეროვნულ საინვესტიციო ბანკ „ბენკ ოფ ამერიკას“ მონაცემებით, ბოლო ხუთ თვეში სააქციო ფონდებმა ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი მიიზიდეს, რაც წინა 12 წელიწადში, იმავე მიზნებისთვის დახარჯულ ფინანსებზე მეტია.
ინვესტორები აღიარებენ, რომ იმ დროს, როდესაც სააქციო ბაზარი რეკორდულ მაჩვენებლებამდე არის გაზრდილი, დიდი შანსია იმისა, რომ ბაზრის დიდი შემობრუნება მოხდეს. ცნობისთვის, სააქციო ბაზარი ამჟამად იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე 1990-იანების ბოლოს - ეგრეთ წოდებული „დოტკომის ბუშტის“ წინ იყო, რასაც ბაზრის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
„დოიჩე ბანკმა“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სამ თვეში, სააქციო ბაზრების 6-10-პროცენტიან ვარდნას მოელის. ეს იმ დროს, როდესაც იმავე პერიოდში, ეკონომიკის ზრდაა მოსალოდნელი.
ნოემბრიდან მოყოლებული, სააქციო ფონდებში ინვესტიციების მოცულობამ 576 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, წინა 12 წელიწადში იმავე მიზნით გაღებული ინვესტიციების მოცულობა „მხოლოდ“ 452 მილიარდი დოლარი იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი ზრდა, ცენტრალური ბანკების ულტრა-რბილი მონეტარული პოლიტიკის და უპრეცედენტოდ მაღალი სტიმულირების პროგრამების შედეგია.