საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია და ტრანშის გადმორიცხვასთან დაკავშირებით პრობლემები დღის წესრიგში არ დგას.
როგორც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, შესაბამისად არ არსებობს წინაღობა რომელიც ტრანშის გადმორიცხვას ხელს შეუძლის.
დეპუტატ შალვა პაპუაშვილის თქმით ევროკავშირი, რომელმაც მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, კანონშემოქმედებაში ჩართული არ ყოფილა და ის კანონებს არ ეცნობა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მას ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, რის შემდეგაც ისინი თავად დარწმუნდებიან ამაში, რომ რეკომენდაციები მიღებულ კანონში სრულად არის ასახული.
შეგახსენებთ, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.