მაღალხარისხიანი ფოტოაპარატებისა და სხვა ოპტიკური პროდუქციის მწარმოებელ იაპონურ კომპანია Nikon-ს სარკისებრი კამერების საწარმო იაპონიიდან ტაილანდში გადააქვს. ინფორმაციას გაზეთი Asahi ავრცელებს. ტაილანდში საწარმოს გადატანის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. კორპორაციის გადაწყვეტილება სარკისებრ ფოტოაპარატებზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა, რისი მიზეზიც მაღალხარისხიანი ფოტოკამერების მქონე სმარტფონების გავრცელებაა.
იაპონური ციფრული ფოტოაპარატების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირებულია. კერძოდ, გაყიდვებმა 2012 წელს დაფიქსირებული 13 მილიარდ 300 მილიონი დოლარიდან, 2020 წელს 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე მოიკლო. განსაკუთრებით შემცირდა სარკისებრი კამერების გაყიდვები, რითიც Nikon-მა თავის დროზე სახელი გაითქვა. ბოლო ფინანსური წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვები 24%-ით შემცირდა.
დღეისთვის იაპონიაში ციფრული კამერების გაყიდვების ლიდერი კორპორაცია Canon-ია, რომელზეც ბაზრის 36,8% მოდის. მეორე ადგილზეა კომპანია Sony - 19,5%-ით, Nikon კი ბაზრის 12,6%-იანი წილით იაპონიაში ნომერ მესამე ბრენდია.