მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.