2021 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებიდან 42.7%-ის შემთხვევაში მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლეს. საუბარია 20%-იან ფასდაკლებაზე, რომლითაც მოქალაქე იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის ჯარიმას.
შს სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში ქვეყნის მასშტაბით, მილიონ 704 ათას 724 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, აქედან, 727 ათას 604 შემთხვევაში მოქალაქეებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს. რაც შეეხება გადასახდელ თანხას, ქვეყნის მასშტაბით ვიდეოჯარიმებით გამოწერილი თანხის მოცულობა - 73 მილიონ 690 ათას 80 ლარი იყო; ხოლო გადახდილი თანხის მოცულობამ - 23 მილიონ 700 ათას 929 ლარი შეადგინა. უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი - 938 ათას 85 ვიდეოჯარიმა დედაქალაქში დაიფიქსირდა. აქედან, 407 ათას 491 შემთხვევაში კი მოქალაქეებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.